"კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა იმას რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი", - ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეაფასა:

"მას აქვს დანაშაული იმ კონკრეტულ საქმეებში, რომელიც წაყენებული ჰქონდა. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან დიდი შოკი იყო, რადგან ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო".

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება 14 ივნისს გამოაქვეყნა და ვანო მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად.ასევე, დაირღვა მეხუთე მუხლის მესამე ნაწილიც. ამასთან, არ დაკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხება წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ანუ დაადგინა, რომ მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ცალკე, არ დარღვეულა.