თბილისობა 2017-ის ორგანიზებისთვის 983 636 ლარის დახარჯვა იგეგმება. თბილისის მერია 7-8 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებისთვის მომსახურების შეძენას პირდაპირი წესით გეგმავს და შესყიდვების სააგენტოდან პასუხს ელოდება.

მერიაში ამბობენ, რომ თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დიდი მოცულობისაა, მრავალფეროვანია და საჭიროა მათი შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება. გარდა ამისა, არსებობს დღესასწაულის განხორციელების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესი.

"შესასრულებელი სამუშაოების უმრავლესობა ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩართულები არიან სხვადასხვა შემსრულებლები, მოლაპარაკება თითოეულ მათგანთან ხდება ინდივიდუალურად, რომლის დროსაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი, კოსტიუმები, დეკორაციები, ტრანსპორტირება და სხვა მრავალი ფაქტორი, რათა მათ შეძლონ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ინვენტარი, მუსიკალური აპარატურა და სხვა რეკვიზიტები შესაბამისობაში იყოს ღონისძიების თითოეული მონაწილის მოთხოვნებთან, რაც ასევე მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და კიდევ უფრო მეტ დროს შეთანხმებისთვის", - ასე ხსნიან თბილისის მერიაში პირდაპირი სახით შესყიდვის აუცილებლობას.

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 7-8 ოქტომბერს სამ ადგილზე - რიყის პარკში, განახლებულ აღმაშენებელსა და ლეღვთახევში გაიმართება.