2017 წლის პირველი აგვისტოდან, საშემოდგომო სამხედრო გაწვევის დაწყებიდან დღემდე, გირჩის რელიგიურმა ორგანიზაციამ - ბიბლიურმა თავისუფლებამ 580 მღვდელთმსახური აკურთხა.

როგორც გირჩში On.ge-სთან ამბობენ, საშემოდგომო გაწვევასთან ერთად მღვდელთმსახურის მოწმობების გაცემის პროცესიც გააქტიურდა და მოქალაქეები ყოველდღიურად მიდიან გირჩის ოფისში, შესაბამისი მოწმობის ასაღებად.

გირჩის ცნობით, მას შემდეგ, რაც On.ge-მ ბიბლიური თავისუფლების საქმიანობის შესახებ პირველად გაავრცელა ინფორმაცია, მღვდელთმსახურის წოდება, საერთო ჯამში, 1 027 ადამიანს მიენიჭა.

ბიბლიური თავისუფლება ახალგაზრდებს, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურება არ უნდათ, მის გადავადებაში ეხმარება. 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასაწვევ მოქალაქეთა საერთო მაქსიმალური რაოდენობა 4 025-ით განისაზღვრა. აქედან სახელმწიფო უწყებებში გასაწვევი პირების მაქსიმალური რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • თავდაცვის სამინისტრო - 1 500;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 1 225;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 280;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 20.