რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შემუშავებულ ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა. ეს უკვე სანქციების რიგით მეექვსე პაკეტია მას შემდეg, რაც ფხენიანმა 2006 წელს ბირთვული იარაღი პირველად გამოსცადა.

გაეროს რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის ინიციატივით მიიღეს, ითვალისწინებს ფხენიანისთვის ტექსტილის სრულ ექსპორტს, ასევე, ჩრდილოეთ კორეის მიერ ნავთობპროდუქტებისა და ნედლი ნავთობის შესყიდვის აკრძალვას.

თავიდან აშშ უფრო მკაცრი სანქციების გატარებას მოითხოვდა. ასეთ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას ნავთობზე ემბარგო დაწესდებოდა, ხოლო უცხოეთში არსებული ყველა ანგარიში გაიყინებოდა.

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არაა:

"ჩვენ ომისკენ არ მივიწევთ. თუ ფხენიანი დათანხმდება ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, ის საკუთარ მომავალს უზრუნველყოფს. თუ რეჟიმი დაამტკიცებს, რომ მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლია."

ჩრდილოეთ კორეის მიმართ ბოლო სანქციები აგვისტოში გატარდა და კრძალავდა ტყვიის, ნახშირის, ზღვის პროდუქტების იმპორტს, ფხენიანის საგარეო ვაჭრობის ანგარიშების გაყინვასა და ჩრდილოკორეული გემებისთვის პორტში შესვლას.

ახლა კი სანქციები შეეხო ჩრდილოეთ კორეის ექსპორტის სიდიდით მეორე პროდუქტს, ტექსტილს. 2016 წელს ტექსტილის ექსპორტმა ფხენიანს 752,5 მლნ დოლარი მოუტანა. ტექსტილის, თითქმის, 80 პროცენტი ჩინეთში გადის.

ჩრდილოეთ კორეას ახლა უფლება ექნება წელიწადში 4,5 მლნ ბარელი ნავთობის ნაცვლად, არაუმეტეს 2 მლნ ბარელი ნავთობი შეისყიდოს.

3 სეტემბერს ფხენიანმა წყალბადის ბომბი მეექვსედ გამოსცადა. ადგილობრივი მედიის თქმით, ცდამ წარმატებით ჩაიარა.