ლვოვში საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი გადასცეს.

სააკაშვილის თქმით, ის მზადაა გაიაროს ყველა პროცედურა და პროტოკოლი ადვოკატის თანდასწრებით ჩაიბარა:

"არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი მოქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი პოზიციების შეცვლას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი, როდესაც ფეხი დავადგი უკრაინის მიწაზე, მათ შეეძლოთ შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორ გავიგე, ცდილობენ ისე გამოვიდეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი, მაგრამ კანონი დაარღვიეს თავად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ აფასებენ კანონებს, კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა," - თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

დღეს დილით ლვოვის სასტუმროში, სადაც სააკაშვილის იმყოფებოდა, სამართალდამცავები და მესაზღვრეები მივიდნენ. როგორც სამართალდამცავებმა განაცხადეს, ისინი სააკაშვილისთვის ადმინისტრაციული დარღვევის პროტოკოლი უნდა გადაეცათ.

10 სექტემბერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ამ ფაქტზე ლვოვის ოლქის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ სააკაშვილი პოლონეთში, ლიტვასა და ბრიუსელში იმყოფებოდა. როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი იუწყება, საქართველომ უკვე მესამედ მიმართა უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.