"საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, რაც არის პირველი გაუმჯობესება 2010 წლის შემდეგ", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც მან საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის, Moody’s-ის რეიტინგი Ba2 ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც საქართველოს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში უკავია. სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.

"სარეიტინგო კომპანია Moody’s ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იმყოფებოდა.

"სარეიტინგო კომპანია, ასევე, ხაზს უსვამს ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს - ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ადასტურებს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივას", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სარეიტინგო სააგენტო კვლავ ელის ეკონომიკისა და შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერებას და დადებითად აფასებს ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ მიმართულ მიმდინარე ღონისძიებებს.

"საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Moody’s-ის განცხადებით, ახალი დამაჯერებელი რეფორმები მომავალში დადებითად აისახება საქართველოს საკრედიტო მდგომარეობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ფისკალური რეფორმების ეფექტურობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დანაზოგების გენერირებას. სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. საპენსიო რეფორმა, ფისკალური რეფორმები განხილულია, როგორც საკრედიტო მდგომარეობის პერსპექტიული გაუმჯობესების წყარო. საკრედიტო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელია შიდა დანაზოგების ზრდით, საგარეო მოწყვლადობის შემცირებითა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმებით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები (DCFTA). სააგენტო Moody’s-ის განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.