ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია თავის ყოფილ თანაპარტიელებს, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილს მოღალატეებს უწოდებს და ამბობს, მათ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ენმ-ის დანგრევა სცადეს. დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში, ტელეკომპანია პირველის ეთერში მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას სრულიად გაურკვევლად, ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები და ახლა "ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანსებს."

ნიკა მელიას თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში მოღალატეები აღარ არიან და პარტია აუცილებლად დაიბრუნებს ხალხის ნდობას:

"ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვარ და მე ვიძახი, რომ ეს პარტია არის განახლებული და ამ პარტიაში აღარც მოღალატეების ადგილი იქნება და აღარც ბოკერიების და კორუმპირებული კეზერაშვილების და ფარცხალაძეების და ა.შ."

2017 წლის 12 იანვარს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარტიიდან წევრების ნაწილი გამოეყო და ახალი პარტია, ევროპული საქართველო შექმნა.