საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ყოფილმა გუბერნატორი, მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილი თავისი მომხრეების დახმარებით უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ქართული მედია ავრცელებს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრას რამდენიმე საათია ცდილობს. მოქალაქეობის არმქონე უკრაინელმა პოლიტიკოსმა საკუთარი გეგმები დღეს რამდენჯერმე შეცვალა, ხან ნებაყოფლობით, ხანაც - არა. თავდაპირველად სააკაშვილი ოჯახის წევრებთან, იულია ტიმოშენკოსთან და სხვებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ავტობუსით გაემგზავრა. მოგვიანებით ტრანსპორტი შეიცვალა და მატარებელში გადაჯდა, თუმცა მისი ვაგონში ყოფნის გამო ტრანსპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაიძრა. სააკაშვილიც ისევ ავტობუსს დაუბრუნდა. პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე სააკაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს, თუმცა საბოლოოდ მისმა მხარდამჭერებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში შეიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ სააკაშვილი პოლონეთში, ლიტვაში და ბრიუსელში იმყოფებოდა. როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი იუწყება, საქართველომ უკვე მესამედ მიმართა უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.