რა დანიშნულება შეიძლება გამოვუძებნოთ ნაღვლის ბუშტში წარმოქმნილ კენჭებს, რომელიც ექიმმა ეს ესაა ოპერაციის შედეგად ამოიღო თქვენი, ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანის ორგანიზმიდან? მისი ბედი შეგიძლიათ სამედიცინო პერსონალს მიანდოთ, მაგრამ თუ გასანადგურებლად არ გემეტებათ და ამაში არც ექიმები გეწინააღმდეგებიან, შეგიძლიათ ამ პატარა, საყვარელ კენჭებს საინტერესო დანიშნულება გამოუძებნოთ.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, თქვენთვის შემომეთავაზებინა 6 იდეა, თუ რა შეიძლება მოვუხერხოთ ჩვენთვის ძვირფას კენჭებს.

1. ბეჭედი

შეგიძლიათ დაამზადოთ ბეჭედი, რომელსაც თქვენთვის განსაკუთრებულ დღეებში გაიკეთებთ. შესაძლოა, ასეთ ბეჭედს ბრილიანტის თვალი არ ჰქონდეს, მაგრამ ზუსტად გეცოდინებათ, რომ ის თქვენთვის ბრილიანტაზე ძვირფასია.

ფოტო: rpbirt.com

2. საყურე

ვინაიდან ნაღვლის ბუშტში დაგროვილი კენჭების რაოდენობა, შეიძლება, ერთზე მეტი იყოს, თავისუფლად შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ თუნდაც ასეთი საყურე დაამზადოთ. მართალია, ფოტოზე ნაჩვენები საყურე სხვა სახის ძვირფასი ქვისგანაა დამზადებული, მაგრამ დამერწმუნეთ, პროფესიონალი ოქრომჭედელი უპრობლემოდ ჩაანაცვლებს ამ ქვას ნაღვლის ბუშტიდან ამოღებული კენჭით.

ფოტო: erikahammerschmidt.com

3. ყელსაბამი

როგორც ხედავთ, ნაღვლის კენჭების გამოყენება თავისუფლად ყოფილა შესაძლებელი სამკაულების დასამზადებლად. ეს ყველაფერი არ არის, მთავარი მონდომებაა და თქვენ აუცილებლად შეძლებთ სრულიად ახალი სიცოცხლე აჩუქოთ თქვენი, ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ნაღვლის ბუშტში წარმოქმნილ ქვებს.

ფოტო: yarss.com

4. ძვირადღირებული სუვენირი

თუ დაგღალათ სამკაულებზე ფიქრმა, შეგიძლიათ მარტივად გადაწყვიტოთ კენჭების ბედი. ნებისმიერი ოქრომჭედელი დაგიმზადებთ ასეთ მიმზიდველ ჩასადებს თქვენი ქვისთვის, რის შემდეგაც თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ, რომ თითქმის სამუზეუმო ექსპონატს ფლობთ.

5. იაფი სუვენირი

თუ ბევრი ფულის დახარჯვის არც სურვილი გაქვთ და არც შესაძლებლობა, იშოვეთ ასეთი შუშის კოლბები, სადაც თქვენს ქვებს ჩაალაგებთ.

ფოტო: bazaarbaltimore.com

6. ჯადოქრობა

ნაღვლის, თირკმლისა და სხვა სახის კენჭებს შამანები და ჯადოქრები ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ. ალბათ, დედამიწის რომელიღაც კუთხეში ახლაც არიან ჯადოქრები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ამ ქვებს იყენებენ, თუმცა რადგან არც შამანიზმის მჯერა და არც ჯადოქრობის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ მოგაწვდით.