ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა პატრიარქ ილია მეორის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის სასამართლოში დაკითხვის აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტი. ოხანაშვილმა თავის ჩვენებაში თქვა, რომ გერმანიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს საქართველოში ილია მეორის ამოკვეთილი ნაღველის წამოღება სურდა, თუმცა მას მოთხოვნაზე გერმანელმა ექიმებმა უარი უთხრეს.

ტელეკომპანია პირველის ცნობით, სოსო ოხანაშვილმა ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე ისაუბრა.

სასამართლოში ჩვენების მიცემისას პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილმა მას გველის შხამის შოვნა სთხოვა.

On.ge შეეცდება, აღნიშნული ფაქტი გადაამოწმოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან.

სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მამალაძე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.