31 ივლისისთვის საქართველოს მთავრობა აირჩევს 6 აუქციონერისგან იმ ტერმინალის ოპერატორს, რომელიც $2,5 მილიარდად შეფასებულ, ანაკლიის გადამზიდი გემების პორტში განთავსდება. ინფორმაციას Joc.com ავრცელებს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, ფინალისტებს შორის არის 2 კომპანია სინგაპურიდან და თითო-თითო ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან.

ახვლედიანის თქმით, პორტში საკმაოდ დიდი ზომის გადამზიდი გემები შეძლებენ შესვლას.

ანალიის პორტის მშენებლობა 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება, ხოლო ტვირთების გადაზიდვის დაწყება 2020 წლისთვისაა მოსალოდნელი.

პროექტი საქართველოს ისტორიაში უდიდესი უცხოური ინვესტიცია იქნება და ინიციატორების თქმით, ის საფუძველს ჩაუყრის ახალ საზღვაო დერეფანს ჩინეთსა და ევროპას შორის, აღადგენს აბრეშუმის გზას და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 თებერვალს გამოაცხადა.

"კონსორციუმი თიბისი ჰოლდინგისა და ამერიკული კომპანიის Conti International-ის ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, პორტის ნაწილის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, ხოლო გარემოს დაცვითი დასკვნის შემდეგ, მშენებლობა სრული მასშტაბით 2017 წელს გაგრძელდება.