საჯარო რეესტრმა სტუდია მაესტროს დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა. 7 მარტის გადაწყვეტილებით, უწყებამ ეთერ გადაბაძეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარდგენილი მოთხოვნა, მისი დირექტორად რეგისტრაციის შესახებ, დააკმაყოფილა.

2016 წლის 9 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლევან გაჩეჩილაძემ შეიტანა განცხადება, რომელშიც ის შპს სტუდია მაესტროს დირექტორად ეთერ გადაბაძის ნაცვლად მის დარეგისტრირებას ითხოვდა. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის შპს სტუდია მაესტროს პარტნიორთა კრების ოქმი.

იმავე დღეს ეთერ გადაბაძემაც შეიტანა განცხადება რეესტრში, რომლითაც მან სჯარო-სამრთლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია-ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად რეგისტრაციის აკრძალვა მოითხოვა.

რეესტრის ინფორმაციით, ეთერ გადაბაძემ მოითხოვა, მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, არ განხორციელებულიყო შპს სტუდია მაესტროს დირექტორის ცვლილება და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

9 თებერვალს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ეთერ გადაბაძეს 5 თებერვლის მოთხოვნაზე უარი უთხრა, 1 მარტს კი გადაბაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან მიიღო უარი.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სტუდია მაესტროს ახალი დირექტორი თანამშრომლებთან შეხვედრას დღეს აპირებს. მაკა ასათიანის მხარე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და ტელეკომპანიის მიმართ ბრძოლას ხელისუფლება ახორციელებს. მაესტროს უკვე ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე იზიარებს ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ ის ლევან გაჩეჩილაძის შენობაში შეშვებას არ აპირებს. მისი თქმით, გაჩეჩილაძემ სხვა ფართი უნდა მოძებნოს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს გაესაუბროს:

"ტექნიკური აღჭურვილობის ნახევარი ასათიანისაა, მეორე ნახევარი კი ტელევიზიის მფლობელობაშია. თუ ლევან გაჩეჩილაძე მოვა და კამერას და მიკროფონს წაართმევს ჟურნალისტებს, ეს მისი გადასაწყვეტია".

გაჩეჩილაძის ადვოკატის ნანუკა ჭკუასელის თქმით, შპს სტუდია მაესტროს მაკა ასათიანის მფლობელობაში არსებულ იმ კომპანიასთან, რომელიც აღნიშნულ შენობას ფლობს, იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. სწორედ ამიტომ შპს სტუდია მაესტროს უფლება აქვს ფლობდეს და სარგებლობდეს ტელეკომპანიის შენობით.

მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე კი ამბობს, რომ ასათიანი უსამართლოდ მოსული დირექტორისთვის თავისი საკუთრების დათმობას არ აპირებს.

"ლევან გაჩეჩილაძე აქ მასპინძელი ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ჩვენი შენობაა. უნდა გაგვცეს შემდეგ კითხვებზე პასუხი: როდის და რა ვადაში დაფარავს 54 მილიონამდე დავალიანებას, რომელიც ჩვენ მიმართ გააჩნია; საიდან და რა საშუალებებით აპირებს კომპანიის მართვას".

"მიმდინარეობს სტუდია მაესტროს და ლევან გაჩეჩილაძის ძალით დაქორწინების პროცესი, რასაც ძალიან უწყობს მთავრობა ხელს და როგორც ჩანს, უკვე სასამართლოც ჩაერია, რომ რამენაირად ასე მოხდეს. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არცერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის ცოლად მოყვანა", - განაცხადა ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ.

2015 წლის 8 დეკემბერს შპს მ-ინვესტმენტის წარმომადგენელმა მაესტროს იმჟამინდელ დირექტორს, ბაია გადაბაძეს წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ-ინვესტმენტსა და სტუდია მაესტროს შორის 2015 წლის 10 სექტემბერს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა და ვინაიდან მაესტრო გადახდისუუნარო იყო, მ-ინვესტმენტმა მასთან ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა.

საჯარო რეესტრის 2016 წლის 1 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, სტუდია მაესტროს საკონტროლო პაკეტის 55%-ის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. 4 თებერვალს, კომპანიის პარტნიორთა კრებაზე ბაია გაბადაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. გიორგი გაჩეჩილაძემ ახალ დირექტორად თავისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე წარადგინა.