სოციალურ ქსელ ფეისბუკის ხელმძღვანელებმა დაადგინეს, რომ ყალბი ექაუნთებით, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთთან იყვნენ დაკავშირებული, აშშ-ის წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში 100 000 დოლარად პოლიტიკურ რეკლამას ყიდულობდნენ, წერს BBC.

კორპორაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე, დაახლოებით, 100 000 დოლარი დაიხარჯა სამი ათას განცხადებაზე, რომელიც 470 ყალბ ექაუნთთან და გვერდთან არის დაკავშირებული.

როგორც ფეისბუკის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ალექს სტეიმოსი ამბობს, განცხადებების უმეტესობა სოციალური და პოლიტიკური მესიჯების მატარებელი იყო, მათ შორის, ლგბტ თემის, რასიზმის, იმიგრაციისა და იარაღის ტარების საკითხებს ეხებოდა.

ფეისბუკმა თავისი მიგნება გაუზიარა აშშ-ის ხელისუფლებას, რომელიც, თავის მხრივ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის სავარაუდო ჩარევას იძიებს:

"ჩნდება კითხვა: არის კი რაიმე კავშირის რუსეთსა და ფეისბუკზე შესყიდულ განცხადებებს შორის? ეს სერიოზული პრეტენზიებია და ჩვენს პლატფორმაზე რიგ ქმედებებს განვიხილავთ, რათა გავიგოთ რა მოხდა," - ამბობს სტეიმოსი.

იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ქმედება სოციალური ქსელის წესებს არღვევს, ყველა ყალბი ექაუნთი და გვერდი დაბლოკილია. ამასთანავე, ფეისბუკმა უარი თქვა რეკლამებისა და "შემკვეთების" გასაჯაროებაზე, ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასა და ფედერალურ კანონზე დაყრდნობით.