როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, National Geographic-ის ტელესერიალ გენიოსის მეორე სეზონი პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და მის შემოქმედებას მიეძღვნება.

ხანგრძლივი კასტინგის შემდეგ კი როგორც სერიალის შემქმნელმა ნოა პინკმა თქვა, მთავარი როლის შემსრულებელი უკვე იპოვეს და ის არც მეტი, არც ნაკლები ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასია.

"პიკასოს ცხოვრება და მისი შემოქმედება წლების წინ გახდა ჩემი ინტერესის საგანი, ჩვენ ორივე ესპანეთიდან, მალაგადან ვართ. შესაბამისად ჩემთვის პატივია მისი როლის მორგება, განსაკუთრებით კი როცა ვიცი, რომ გვერდით ასეთი არაჩვეულებრივი გუნდი მეყოლება", ამბობს ბანდერასი.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი National Geographic-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კეროლინ ბერნშტეინმაც გააკეთა.

"ბუნებრივია, რომ ბანდერასი ამ სერიალში ითამაშებს. გარდა იმისა, რომ მას უდიდესი სამსახიობო გამოცდილება გააჩნია, აქვს ქარიზმა და ვნება. შესაბამისად ის პიკასოს როლს დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივად შეასრულებს", ამბობს ბერნშტეინი.

სერიალის პრემიერა, სავარაუდოდ, 2018 წელს შედგება.