ქარიშხალი ჰარვი ტეხასის შტატს ერთი კვირის წინ დაატყდა თავს, დაიღუპა 47 ადამიანი, დაახლოებით 43 ათასი ადამიანი კი სახლის გარეშე დარჩა. ბოლო ინფორმაციით მისგან მიყენებული ზარალი $180 მილიარდს აღწევს.

სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად ჰოლივუდის ვარსკვლავები აქტიურად მუშაობენ, მაგალითად სანდრა ბულოკმა, ლეონარდო დიკაპრიომ, ელენ დეჯენერესმა, დისნეის ანიმაციურმა სტუდიამ და ა.შ თითი-თითო მილიონი დოლარი უკვე გადარიცხეს.

ჰარვისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 12 სექტემბერს სატელევიზიო მარათონიც ჩატარდება, რომელსაც პირდაპირ ეთერში ერთდროულად ABC, CBS, NBC და Fox გადასცემს.

ტრადიციულად აქციაში მონაწილეობას ბევრი მსახიობი თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენელი იღებს, ამ შემთხვევაში კი მონაწილეთა შორის ჯულია რობერტსს, რიზ უიზერსპუნს, ჯორჯ კლუნის, ბიონსეს, ბარბარა სტრეიზანდს, მეთიუ მაკკონაჰის, ოპრა უინფრისს და სხვა ვარსკვლავებს ვიხილავთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოლივუდელები სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან, მაგალითად 2012 წელს, ქარიშხალ სენდის შემდეგ ერთ საათიანი მარათონის დროს შემოსულმა თანხამ $23 მილიონს გადააჭარბა.