სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები აჭარის ტელევიზიაზე გავა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალურმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ დაუდასტურა.

გოგი გვახარიას გადაცემა 12 სექტემბრიდან ყოველ სამშაბათს გავა, სალომე ასათიანის გადაცემა კი ყოველ ოთხშაბათს. ასათიანის გადაცემა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოდან იქნება ეთერში.

რადიო თავისუფლების გადაცემების აჭარის ტელევიზიის ეთერში გასვლაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ინფორმაცია 7 ივლისს გავრცელდა. მანამდე, ორივე გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადიოდა, თუმცა არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით რადიო თავისუფლების ეს გადაცემები ხელშეკრულების დამთავრებასთან ერთად შეწყდა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, მან გადაცემები კი არ დახურა, უბრალოდ, კონტრაქტი არ გააგრძელა რადიო თავისუფლებასთან, რადგან უკმაყოფილო იყო თანამშრომლობის ფორმატით. ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელს აღნიშნული გადაცემების შექმნის პროცესში უნდა მიეღო მონაწილეობა და მხოლოდ პლატფორმის ფუნქცია არ უნდა შეესრულებინა.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ [საზოგადოებრივი მაუწყებლის] გადაწყვეტილება "გაწბილებას იწვევს, რადგან ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში".