დემირელის სკოლის დირექტორი ნინო კავთიაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, თამარ სანიკიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

დირექტორის განცხადებით, სხვადასხვა სააგენტოებისა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ სანიკიძე აღნიშნავდა, რომ თითქოს მან საბჭოს სხდომაზე სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით ისაუბრა:

"კერძოდ მან აღნიშნა: "საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად დამფუძნებლებზე მიუთითა, რომლებიც უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე".

ნინო კავთიაშვილის თქმით, თამარ სანიკიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მისივე განცხადებით, გადამოწმება შესაძლებელია ავტორიზაციის საბჭოს სხომის ოქმის ჩანაწერების საშუალებით:

"საბჭოს სხდომაზე მე განვმარტე თუ როგორ ხდება სასწავლო წლის საერთო სტრატეგიის შემუშავება სკოლის დამფუძნებლების მიერ. ეს არასწორი ინფორმაცია უხეშად ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას. აქვე აღვნიშნავ, რომ დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც უცხოელი მოსწავლეები უკვე სწავლობდნენ კოლეჯში და დაწყებული იყო განათლების აღიარების პროცესი, რომელსაც თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახოციელებს განათლების სამინისტროთან ერთად".

2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციის მინიჭებაზე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში On.ge-ს უთხრეს, რომ სკოლამ თავად შეიტანა განაცხადი რეავტორიზაციაზე, თუმცა პროცედურა ვერ გაიარა. როგორც ცენტრში ამბობენ, დარღვეული იყო ინფრასტრუქტურასთან, რესურსებთან და პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტები, ასევე, გამოიკვეთა კანონდარღვევებიც.

რატომ დახურეს დემირელის კოლეჯი - ავტორიზაციის საბჭოს წევრის განმარტება

დემირელის სკოლა ავტორიზაციის ჩამორთმევას გაასაჩივრებს

საქართველოში, ფეტულა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში შემავალი რვა დაწესებულებიდან ორს ავტორიზაცია უკვე შეუწყდა. დემირელის სკოლა ერთი წლის განმავლობაში ვეღარ გააგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.

მანამდე ავტორიზაცია ჩამოერთვა ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმს. მეოთხე თვეა წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი თურქეთის მოთხოვნით დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სისტემაში მოღვაწეობს. ის დემირელის კოლეჯის მენეჯერი იყო.