სამხრეთ კორეისა და იაპონიის ინფორმაციით, ფხენიანმა კიდევ ერთი ატომური იარაღი გამოსცადა, წერს BBC. როგორც სეისმოლოგები ამბობენ, ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიწისძვრა ხელოვნურად ყოფილიყო გამოწვეული, რადგან ბიძგები მიწის ზედაპირიდან მოდიოდა, ამიტომ ისინი აფეთქებად შეფასდა.

სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, აფეთქება პუნგერის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც წინა ცდები ჩატარდა.

ჩრდილოეთ კორეამ პირველად ატომური იარაღის გამოცდის შესახებ 2006 წელს გაავრცელა ინფორმაცია. იმ პერიოდში ბევრ ექსპერტს ეს ტყუილი ეგონა, რადგან აფეთქება საკმარისად მძლავრი არ იყო. თუმცა მსოფლიოა წამყვანმა ქვეყნებმა ეს ატომური იარაღის გამოცდად შეაფასეს.

2006 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ოთხი ცდა ჩაატარა და ყოველი მათგანი უფრო მძლავრ აფეთქებას იწვევდა. ფხენიანის წინააღმდეგ რიგი სანქციები გატარდა. თუ ამჟამინდელი მიწისძვრის მიზეზი ატომური იარაღის გამოცდაა, ის რიგით მეექვსე იქნება.

2017 წელი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ქვეყანამ თებერვლის შემდეგ, ტექნოლოგიის დასახვეწად, 14 ტესტის ფარგლებში, 21 რაკეტა გამოსცადა.