ბევრისთვის ახალი ამბავი ნამდვილად არ იქნება როცა გაიგებს, რომ მალე Warner Bros.-ბეტმენისა და ჯოკერის ისტორიაზე ახალ ფილმს გადაიღებს, რომლის რეჟისორიც ტოდ ფილიპსი იქნება.

რაც შეეხება პროდიუსერის ადგილს, ცნობილია, რომ კინოსტუდიამ შეთავაზება უკვე გაუგზავნა ლეგენდარულ რეჟისორ მარტინ სკორსეზეს.

როგორც აღმოჩნდა, Warner Bros.-მა ეს ნაბიჯი წინასწარ გათვალა და ახლა სწორედ სკორსეზეს გავლით აპირებს ჯოკერის როლზე ოსკაროსანი ლეონარდო დიკაპრიო მიიწვიოს.

ჯერ-ჯერობით კინოსტუდიას დიკაპრიოსთვის შეთავაზება არ გაუგზავნია, თუმცა თუ სკორსეზე ნამდვილად ჩაერთო საქმეში, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმე ფაქტობრივად გამოსულია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსახიობს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, ცოტა ხნის წინ ის Paramount Pictures-მა უოლტერ ისააკსონის წიგნის ეკრანიზაციაში ლეონარდო და ვინჩის როლზე დაამტკიცა.

რაც შეეხება დიკაპრიოს სხვა პროექტებს, სულ მალე ოსკაროსანი მსახიობი National Geographic-თან ერთად ამერიკის ასტრონავტიკის ისტორიაზე სერიალის პროდიუსერი იქნება.

ამავდროულად მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო ისეც ერთიანდებიან. რეჟისორი მსახიობს ახალ ფილმში Killers Of The Flower Moon გადაიღებს, რომელიც ამავე სახელწოდების ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური რომანის ეკრანიზაცია იქნება.

სულ მალე ლეონარდოს მონაწილეობით კიდევ ერთ ფილმს ვიხილავთ სახელწოდებით - შავი ხელი, რომელიც სტეფან ტოლთის წიგნის ეკრანიზაციაა.