დღეს, პირველ სექტემბერს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 20 ათასი ხელმოწერა წარუდგინა.

მერობის კანდიდატი ცესკოსთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მისთვის უცნობი ადამიანების დახმარებით შეძლო იმაზე ორჯერ უფრო მეტი ხელმოწერების შეგროვება, ვიდრე დაავალდებულეს:

"რეალურად, ეს არის 19 576 თბილისელი მოქალაქის საპროტესტო გზავნილი. ჩვენთან არსებული მყარი აზრის მიხედვით, რამდენიმე დღეში და ერთ თვეშიც კი, რამდენიმე ათასი ხელმოწერის შეგროვება არის წარმოუდგენელი. დიდი პარტიებიც კი ოროსნებივით იწერენ ერთმანეთისგან. ამასვე მირჩევდნენ მეც. მე ტყუილებისთვის და სიყალიბისთვის არ ვარ მოსული პოლიტიკაში".

24 აგვისტოს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მას 10 ათასი ხელმოწერის წარსადგენად ცესკომ შვიდდღიანი ვადა მისცა.

იმავე დღეს, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ცესკო გამოეხმაურა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.

უწყების განმარტებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ პირველი სექტემბერი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.