თბილისის მერიის განცხადებით, ვარშავის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკს ცხოველებსა და ფრინველებს გადასცემს.

დღეს, 31 აგვისტოს, თბილისში ვიზიტით მყოფმა ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა, ანდრეი კრუშევიჩმა განაცხადა, რომ იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი.

დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობისთვის ემზადება, რისთვისაც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

მერიის ცნობით, ასოციაციაში თბილისის ზოოპარკის გაწევრიანების საკითხი 21-22 სექტემბერს დადგება. ანდრეი კრუშევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს.