ტეხასში, დატბორილი ჰიუსტონიდან 40 კილომეტრში, ქალაქ კროსბის Arkema-ს ქიმიურ საწარმოში აფეთქებები დაიწყო, წერს BBC. მმართველმა კომპანიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ საწარმოში აფეთქება მოსალოდნელი იყო, რადგან ძლიერი წყალდიდობის გამო საწარმოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, მწყობრიდან გამოვიდა გენერატორი, რის გამოც გაითიშა ქარხნის გაგრილების სისტემა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საწარმოდან ისმის აფეთქებების ხმა და შავი ბოლი ამოდის. ABC News-ის ინფორმაციით, იყო ორი აფეთქება.

საწარმო აწარმოებს ორგანულ პეროქსიდებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ფარმაკოლოგიასა და მშენებლობაში გამოიყენება.

ქარიშხალი ჰარვი ტეხასის შტატს გასულ კვირას დაატყდა თავს. მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი აღნიშნულ შტატში ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა ამაზე ძლიერი ქარიშხალი იყო კატრინა, რომელმაც 12 წლის წინ გადაუარა ნიუ ორლეანსა და აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა სანაპირო რეგიონებს.

ქარიშხალ ჰარვის თან მოჰყვა ძლიერი ტროპიკული წვიმები, რის გამოც ათეულობით დასახლება დაიტბორა. Fox News-ის ინფორმაციით, 32 ათასი ადამიანი ამ დრომდე საგანგებოდ მოწყობილ თავშესაფრებში რჩება, დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი, მაშველებმა სიკვდილს გადაარჩინეს ასეულობით მოქალაქე.

როგორც ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი ამბობს, შტატს, ქარიშხლის შედეგების აღმოსაფხვრელად, ფედერალური ბიუჯეტიდან $125 მილიარდი დასჭირდება.