ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზებაში რუსეთის შესაძლო ჩართულობაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას ყველა შესაძლო ვერსია უნდა განეხილა. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ ამ თემაზე უამრავი სპეკულაცია მოისმინა:

"არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა, რაც მე მოვისმინე. ჩვენთვის არის უპირველესი ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მნისტრს, არ მაქვს იმის უფლება, რომ რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება".

მას მიაჩნია, რომ სტიქიის მასშტაბების ზრდა იყო რეალური და თავის მართლებას არ აპირებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 28 აგვისტოს დაადასტურა, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობ ტექნიკით დახმარებაზე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება გაიმართა. სამინისტროში ამბობენ, რომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს შესაბამისი ნოტა გაეგზავნა.

უწყებაში განმარტავენ, რომ საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება კი მოითხოვდა ოპერატიულ, ეფექტურ ქმედებებსა და შესაბამისი ტექნიკის მოძიებას.