ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა ტეხასში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულების გასამხნევებლად ახალი სიმღერა დაწერა, რომელიც მაიამიში კონცერტის დროს შეასრულა. ჯგუფის სოლისტმა თანადგომა გამოუცხადა ჰიუსტონელებს, გარდაცვლილების გამო კი ღრმა მწუხარება გამოთქვა.

მოგეხსენებათ, ტეხასი მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობის, ქანთრის სამშობლოდ ითვლება. სწორედ ამიტომ, Coldplay-იმ ამ სტილში გადაწყვიტა სიმღერის დაწერა და ამასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

"ჩვენ ყველა ქანთრის სიყვარულით გავიზარდეთ და ის ერთ-ერთია რაზეც მუდმივად გვეფიქრება, როცა ტეხასის გზას ვადგავართ", თქვა ჯგუფის სოლისტმა.

ცნობისთვის, კრის მარტინსა და მის ბენდს ჰიუსტონში კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა სტიქიის გამო მათი კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კრის მარტინმა სიმღერის ტექსტშიც აღნიშნა:

"ვოცნებობ, ჰიუსტონში დაბრუნებაზე. ვოცნებობ, ამ ძალიან განსაკუთრებულ ადგილზე. ვოცნებობ, რომ ჰიუსტონს არ ჰქონდეს პრობლემები. ქალაქს, რომელშიც კოსმოსში გამოგზაურებენ", მღერის კრის მარტინი.

აღსანიშნია ისიც, რომ კრის მარტინის თქმით, ამ სიმღერას მეტჯერ აღარ შეასრულებს და ის არც სტუდიურ ვერსიად გამოვა.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ამერიკის შტატ ტეხასს დამანგრეველი ქარიშხალი ჰარვი დაატყდა თავს, რასაც წყალდიდობა და ძლიერი შტორმი მოყვა. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.