თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, 13–14 ივნისის სტიქიის მსხვერპლთა პატივსაცემად შექმნილ მემორიალურ დაფაზე შეცდომით დატანილი წარწერა, სიჩქარის "დამსახურებაა". ამის შესახებ თბილისის მერმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში სტუმრობისას განაცხადა:

"ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბოლო დღეები, როგორც წესი, ხასიათდება იმით, რომ ბევრი რაღაც არის მოსასწრები საორგანიზაციო და როგორც ჩანს, ამ ფაციფუცში გაიპარა შეცდომა, როცა ბეჭდვის დროს მისცეს დავალება. შესაბამისად, ეს აკრეფის შეცდომაა და ეს შეცდომა დღესვე გასწორდა. ხვალისთვის ასე აღარ იქნება. ერთი ასო იყო ზედმეტი, ცუდია რასაკვირველია, არასასიამოვნო და არასასურველია, თუმცა გამოსწორებას ექვემდებარება. კარგია, რომ მხოლოდ ეს იყო ის ნაკლი, რაც დღევანდელ დღესთან იყო დაკავშირებული. სხვა ყველაფერი როგორც წესი და რიგია, ისე იყო".