მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა გადასამზადებლად 600 183 ლარს დახარჯავს. ტრენინგები პირველიდან 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა ჩატარდეს. უწყება მომსახურების შესაძენად შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ელოდება.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ მათ არ ჰყავთ სატრენინგო მოდულის დანერგვისთვის საჭირო კვალიფიკაციის სპეციალისტები/ტრენერები და არ აქვთ საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის არც სპორტული ინვენტარი. სწორედ ამ მიზეზით ამ თანხის მომსახურების შესყიდვა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისგან იგეგმება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ საქართველოში მსგავსი მომსახურების შესრულება სხვას არ შეუძლია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პილოტირების რეჟიმში, გადაამზადა საქართველოს 19 სკოლის 19 ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი. სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ტრენინგის ძირითადი ნოვაციური მხარე იყო მეტი აქცენტი საგაკვეთილო პროცესზე და არა განყენებულად მასწავლებლის ცოდნის ზრდაზე.

"ტრენინგის შედეგების შეფასებისას გამოიკვეთა ცალსახა განსხვავება საპილოტე სკოლების და საკონტროლო სკოლების საგაკვეთილო პროცესებს შორის. კერძოდ, მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპილოტე სკოლების მასწავლებლები ახერხებდნენ (სხვადასხვა წარმატებით) სასწავლო პროცესის წარმართვას მიზანზე ორიენტირებულად, უზრუნველყოფილი იყო ყველა მოსწავლის ჩართულობა, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ტრენინგის განმავლობაში ათვისებული სწავლა-სწავლების ეფექტიანად წარმართვის სხვა სტრატეგიები და მეთოდები, რასაც არ ჰქონდა ადგილი საკონტროლო სკოლებში", - ასე აფასებენ განათლების სამინისტროში მასწავლებლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს.