ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ონლაინგამოცემა Turan-ის რედაქტორის, მეჰმან ალიევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედებით აზერბაიჯანის ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს:

"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, 24 აგვისტოს, აზერბაიჯანის ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალების Turan-ის რედაქტორის, მეჰმან ალიევის დაკავებითა და მისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებით... აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ბოლო პერიოდის ნეგატიური ტენდენციაა, რაც მოიცავს მთავრობის გადაწყვეტილებას შეზღუდოს წვდომა Radio Free Europe/Radio Liberty-სა და სხვა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე.

24 აგვისტოს, აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი დააკავეს. მას გადასახადების გადახდისგან თავის არიდებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.

ჟურნალისტების საერთაშორისო კომიტეტმა (CPJ) Turan-ს აზერბაიჯანში ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება უწოდა და ხელისუფლებას მისი თანამშრომლების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ორგანიზაცია რეპორტიორი საზღვრების გარეშეს მიერ შედგენილი რეიტინგით, მედიათავისუფლების მხრივ, აზერბაიჯანი 162-ე ადგილს იკავებს.