ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხანძარი ხეობაში 8 დღის წინ გაჩნდა. უწყების ცნობით, ხანძრის ცალკეული, მცირე კერების ლიკვიდაცია-დამუშავება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში მუშაობას აგრძელებს. შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ცალკეული, მცირე კერების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. რის გამოც, ცოცხალი ძალისა და სახანძრო ტექნიკის შემცირება გადაწყდა.

საქართველო დატოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის 26 კაციანმა დესანტმა და 2-მა სადესანტო ვერტმფრენმა, ასევე, თურქეთის სატყეო-სახანძრო სამსახურის 2-მა ვერტმფრენმა და სახანძრო თვითმფრინავმა.

ფოტო: შსს-ს პრესსამსახური

როგორც ცნობილი გახდა, ბორჯომის ხეობაში დარჩენილი შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი წყალზე ავარიულად დაჯდა.

ხანძრის ქრობის პროცესში, საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ჩართვის დღიდან, ამ დრომდე, ავიაციამ 2100-ზე მეტი რეისი განახორციელა. ხანძრის კერებზე საჰაერო ტექნიკამ დაასხა 5200 ტონაზე მეტი წყალი.

სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო შენაერთები. ადგილზე სამხედრო მოსამსახურეების მხოლოდ ერთი ასეული დარჩება.

ხეობაში მუშაობას აგრძელებენ შსს-ს დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შესაბამის სპეცტექნიკასთან ერთად. ისინი ნახანძრალ ტერიტორიას გააკონტროლებენ და პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელბენ.