ჰომოფობიური, სასტიკი მოპყრობა გააპროტესტეს ქვიარ აქტივისტებმა დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან. აქციას წინ უძღოდა 25 აგვისტოს ბათუმში თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და გამგეობის წევრის, თორნიკე კუსიანის ცემა და დაკავება.

"ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად განვიცდით ზეწოლასა და უთანასწორო მოპყრობას. ჩვენზე ძალადობს არა მხოლოდ საზოგადოების ჰომობიურად განწყობილი ნაწილი, არამედ ძალადობს სახელმწიფოც, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ლგბტ ადამიანები თვითონ ხდება ამ ძალადობრივი ქმედებების თანამონაწილე.

დღეს მოხდა შემზარავი ფაქტი. დილის 7.30 საათზე ბათუმის პოლიციამ უკანონოდ დააკავა და სასტიკად სცემა თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბერიანიძე და გამგეობის წევრი, თორნიკე კუსიანი. მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელდა ღირსების შემლახავი, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა", – აცხადებს თანასწორობის მოძრაობა.

აქტივისტების თქმით, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული თემის წევრების პრობლემა, ეს გაცილებით უფრო მასშტაბური და სისტემური ხასიათის მატარებელია და მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პრობლემის სერიოზულობის გააზრება და სოლიდარობისა და თანადგომის გამოცხადება.

"პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა არ არის ერთჯერადი მოვლენა, აღნიშნული ინციდენტი ფარდას ხდის არსებული ინსიტუტუტების მანკიერ მხარეებს და წარმოაჩენს იმ პრობლემებს რაც რეალურად არსებობს და სახელმწიფო თავის მხრივ თვალს ხუჭავს მათზე. სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის ფუნქციაც ადამიანების დაცვაა, თვითონ გვევლინება მოძალადედ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ლგბტ თემის წევრთა დაუცველობის ხარიხს.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერებს, პარლამენტის წევრებს, საქართველოს პროკურატურას

დაუყოვნებლივ გამოძიებული იქნას ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები, დასრულდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ლგბტ ადამიანების მიმართ გულგრილობა, ჩაგვრა, ჰომოფობიის წახალისება და ამ საკითხით პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირება.

დაიწყოს ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად სისტემური ცვლილებები, რაც გულისხმობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ბრძოლის წინააღმდეგ რეალური, ქმედითი პოლიტიკის შემუშავებისთვის.

შეწყვიტეთ ტერორი, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

მოვუწოდებთ მედიას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენი როლი, აღნიშნული მოვლენების სწორი და ადეკვატური გაშუქება, ფაქტებისა და მოვლენების ობიექტურად მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის,

დაგვიდექით გვერდით, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!

მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს, სოციალურ პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფებს, და საზოგადოებას, დაგვიდექით გვერდით ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია!", – აცხადებს თანასწორობის მოძრაობა.