საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) თბილისის მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა:

"რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ პირველი სექტემბერი".

ცესკოს განმარტებით, მან საჭირო ხელმოწერების ოდენობა ერთი პროცენტი კანონზე დაყრდობით განსაზღვრა (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 958 729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა - 9 587).

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც თბილისის მერობა სურს, ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცესკომ "უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო". მისი თქმით, მას 10 ათასი ხელმოწერის წარსადგენად ცესკომ შვიდდღიანი ვადა მისცა.

როგორც მერობის მსურველი ამბობს, ცესკოს შეეძლო მისთვის ხელმოწერების წარსადგენად ერთთვიანი ვადა მიეცა, თუმცა ყველაზე მცირე პერიოდი - ერთი კვირა გამოყო.