თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის წინასაექსტრადიციო ვადა სამი თვით გახანგრძლივდა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრის შეტანას გეგმავს.

სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩაბუქის გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქმის განხილვა დასრულებული არაა, საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არაა ცნობილი და სანამ ის იძებნება თურქეთის მიერ და არ სურს მათთან თანამშრომლობა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფართე კავშირების გამო მისი მიმალვის ეჭვი არსებობს", - განცახადა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მათ გამოითხოვეს თურქეთიდან ინფორმაცია და მიიღეს გარანტიები, რომ ექსტრადირების შემთხვევაში მისი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება, ქართულ მხარეს კი საშუალება ექნება მის საქმეს თვალი ადევნოს და დამსწრე პირების გარეშე შეხვდეს ჩაბუქს.

დაცვის მხარე ჩაბუქის გათავისუფლების სანაცვლოდ ხუთი ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი პროკურორის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ჩაბუქის მიმავლის საფრთხე არ არსებობდა, არგუმენტად კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პასპორტის ლტოლვილთა სამინისტროში არსებობა დაასახელა. ადვოკატი დასძენდა, რომ ქვეყნის დატოვება ჩაბუქსა და მის ოჯახს პირიქით საფრთხეს უქმნიდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, ევროპული დონის ციხეში მოხვდება და წამებას არ დაექვემდებარება.