ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლარით ფასდადების დარღვევის 246 შემთხვევა გამოავლინა. დარღვევები პირველი ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლითაა გამოვლენილი. ფასის ლარში გამოსახვის შესახებ კანონში ცვლილება სწორედ ამ პერიოდიდან ამოქმედდა.

"სამართალდარღვევები ძირითადად გამოვლენილია ტურისტული და სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიმართ, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დადგენილი გამონაკლისები", - აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის მონაცემები:

  • 208 შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით;
  • 36 შემთხვევაში ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით;
  • 2 შემთხვევაში გამოყენებულია განმეორებითი ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით.