აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების დაჩქარებული წესით გამოყვანა იქ დატოვებს ვაკუუმს, რომელსაც ტერორისტები დაიკავებენ, წერს BBC.

გამოსვლისას აშშ-ის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ავღანეთში კონტიგენტის გაფართოებას გეგმავს, მაგრამ გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილი გაასაჯაროვა. მან, ასევე, არ თქვა, რა რაოდენობის დამატებითი ძალის გაგზავნას გეგმავენ ავღანეთში.

"მტრებმა არ უნდა იცოდნენ როდის გველოდონ... არ ვიტყვით როდის ვაპირებთ თავდასხმას, მაგრამ თავს დავესხმებით".

ტრამპმა განაცხადა, რომ თავიდან ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა სურდა, მაგრამ ამის მაგივრად გადაწყვიტა ისე დაეტოვებინა ყველაფერი, როგორც არის და ერაყში დაშვებული შეცდომები არ გაემეორებინა:

"ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ".

ტრამპმა, ასევე, პაკისტანის ხელისუფლებას მიმართა და თქვა, რომ აშშ აღარ შეეგუება იმას, რომ ეს ქვეყანა ექსტრემისტების თავშესაფრად არის ქცეული:

"პაკისტანს მილიარდობით დოლარი გადავუხადეთ, ისინი კი იფარებენ იმ ტერორისტებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით."

თავის გამოსვლაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთთან პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას აპირებს:

"დიდად ვაფასებთ ინდოეთის მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში სტაბილურობის შენარჩუნებაში, მაგრამ ის მილიარდობით დოლარს აკეთებს აშშ-თან ვაჭრობით, ამიტომ გვსურს უფრო მეტად დაგვეხმარნონ, განსაკუთრებით ეკონომიკისა და განვითარების სფეროში."

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო გააქტიურდება და ის არ აპირებს თალიბებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვას.

ოფიციალურად, თალიბებთან ბრძოლის კამპანია 2014 წელს დასრულდა, მაგრამ სპეციალური დანიშნულების რაზმი აგრძელებდა ავღანელი ჯარისკაცების დახმარებას. ამ დროისთვის ავღანეთში 8 400 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.