აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ რუსეთში განაცხადა, რომ 2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის მასშტაბით არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას წყვეტს.

განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ აშშ-ის დიპლომატების რიცხვის შემცირების გამოა მიღებული:

"რუსეთის მხარის გადაწყვეტილება, რუსეთში შეამციროს აშშ-ის დიპლომატიური მისიის წევრების რაოდენობა სვამს საკითხს, სურს თუ არა რუსეთს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ შევინარჩუნებთ დიპლომატიური მისიის წევრების იმ რაოდენობას, რომელიც საკვანძო ფუნქციების შესრულებისთვის იქნება აუცილებელი".

განცხადების მიხედვითვე, პირველი სექტემბრიდან პროცედურა მოსკოვში განახლდება. რუსეთის მასშტაბით აშშ-ის საკონსულოებში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა განუსაზღვრელი დროითაა შეჩერებული.

2017 წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მთავრობისგან რუსეთში დიპლომატების რაოდენობის შემცირება მოითხოვა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის საელჩოს მათ განკარგულებაში არსებული აგარაკითა და განთავსებული საწყობებით სარგებლობა აუკრძალა.