ბარსელონაში საქართველოს ვიცე-კონსულმა ლია ახალბედაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განაცხადა, რომ ამ დროის მონაცემებით დაშავებულთა შორის კვლავ არ არიან საქართველოს მოქალაქეები. მისი განმარტებით, საქართველოს ექვს მოქალაქეს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა:

"ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ გადაადგილების პრობლემა. პოლიციის დახმარებით უზრუნველვყავით, რომ ისინი ამოგვეყვანა საკონსულოში. ჩვენთან გარკვეული პერიოდის დაყვეს და შემდეგ მოვახერხეთ მათი სასტუმრომდე მიყვანა. ისინი არიან უსაფრთხოდ... ძირითადად იყო ის, რომ ისინი იყვნენ ქუჩაში, თავს ვერ აფარებდნენ და ეს იყო ერთადერთი პრობლემა, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გუშინ დაფიქსირდა".

ვიცე-კონსულის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ტერაქტის ფაქტს არ შესწრებიან.

ხუთშაბათს, 17 აგვისტოს ბარსელონაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-მდე დაშავდა. ტურისტებით დატვირთულ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებში მიკროავტობუსი შევარდა. ის დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ადამიანებს ეჯახებოდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ISIS-მა აიღო.