საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და ესპანეთის მთავრობასა და ესპანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

"ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა" - წერს პრემიერი ფეისბუკზე.

ბარსელონაში, ტურისტებით დატვირთულ ქუჩაზე მოსიარულეებში მიკროავტობუსის შევარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ესპანური მედია ამბობს, რომ შემთხვევას 13 პირი ემსხვერპლა, თუმცა პოლიცია გარდაცვლილების სრულ რაოდენობაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

Guardian-ის ინფორმაციით, პოლიცია 1 პირის დაღუპვას ადასტურებს. დაშავებულია 32 პირი, მათ შორის 10 მძიმედ.

BBC-ის ცნობით, მანქანის გაჩერების შემდეგ, მისი მძღოლი ადგილიდან გაიქცა, ხოლო ორი შეიარაღებული კაცი ბარში შევარდა.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს ადგილზე დარჩნენ და ტერიტორია მას შემდეგ დატოვონ, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება.

ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.