ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუა და ასევე აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ-ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება:

"ამ ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის".

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს:

"საქართველომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც სახელმწიფოს ტურიზმის სექტორში ჩართულ სხვადასხვა უწყებებს, ასევე კერძო სექტორს და, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციას. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ყველა უწყებასთან, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ რეფორმებზე. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის გააქტიურებამ, რაც თავის მხრივ, უკავშირდება წლევანდელი ტურისტული სეზონის რეკორდულ მაჩვენებლებს, რომლის ფონზეც აშკარაა, რომ ბევრი რამ არის გასაძლიერებელი და დასახვეწი."

დღესვე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს პირადად განუმარტა, რომ თანამდებობას არ ტოვებს და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.