კიკეთის, სამადლოსა და ბეთანიის მცხოვრებლები, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი იქ შეიკრიბნენ, სადაც პოლიციამ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ყვითელი ლენტებით გზა გადაკეტა.

მათი თქმით, დედაქალაქთან დასაკავშირებლად ბევრად დიდი მანძილის, 35 კილომეტრის გავლა უწევთ, ასევე პრობლემაა სასწრაფოს გამოძახებაც, რომელსაც თბილისიდან მისასვლელად ერთი საათი სჭირდება. ისინი ხელისუფლებისაგან გზის აღდგენას მოითხოვენ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ წინა კვირამდე მიმდინარეობდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ გზის აღდგენა შესაძლებელია:

"ორ კვირაში სატენდერო პროცედურები დაიწყება, ზაფხულის ბოლომდე კი სამშენებლო სამუშაოები. სულ ერთწლიანი პროექტი იქნება"

აქციას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა და თანხების ფლანგვაში დაადანაშაულა:

"ისინი ვალდებულები არიან, დანგრეული ააშენონ და წაქცეული წამოაყენონ, მაგრამ ვერ გააკეთებენ, რადგან 450 მილიონი ლარით მეტს ხარჯავენ პრემიებში, მათ შორის, მერიაში და ფული რომც ჰქონდეთ, არ აქვთ არანაირი კომპეტენცია და გამოცდილება".