საქართველოს რკინიგზის გურჯაანში დასაქმებულმა ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. დღეს, 15 აგვისტოს, მოშიმშილეებმა თბილისში, რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ, კარვები გაშალეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, შიმშილობის მიზეზი სამუშაო ადგილის ცვლილება და ამ პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა.

ერთ-ერთი მოშიმშილე უჩა ხვთისიაშვილი On.ge-სთან ჰყვება, რომ პირველ აგვისტოს, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ისინი გურჯაანიდან თბილისი-მარნეულის რეგიონზე გადმოიყვანეს, თუმცა რკინიგზა არ უზრუნველყოფს მათი ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯებს. მოშიმშილე თანამშრომლების განცხადებით, ცვლილებების შესახებ მათ პირველ აგვისტოს, კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ზეპირად აცნობეს, ხოლო შედეგად, ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა მათ მოუწევთ.

On.ge-სთან საუბარში საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ გურჯაანის რეგიონში რკინიგზის დაბალი დატვირთვიდან გამომდინარე აღარ არსებობდა იმ სამუშაოს საჭიროება, რასაც მუშები ასრულებდნენ. ცაგურიას განმარტებით, კომპანიამ გადაწყვიტა თანამშრომლების თბილისი-მარნეულის რეგიონში გადმოყვანა, რაც მუშებთან შეთანხმებული იყო.

მისივე თქმით, კომპანია უზრუნველყოფს მუშების ტრანსპორტირებასა და საცხოვრებელს და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

მუშები თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, ან აღნიშნული ხარჯების უზრუნვლყოფას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილობას გააგრძელებენ.

რკინგეზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავა ამბობს, რომ მოშიმშილე თანამშრომლებს, თბილისში, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გაათავისუფლებენ.