კანის 70-ე კინოფესტივალზე რეჟისორ ტოდ ჰაინესის ფილმ Wonderstruck-ის პრემიერა შედგა. ფილმში მთავარ როლებს დამწყები მსახიობების - მილისენტ საიმონდსის, ჯეიდენ მაიკლისა და ოეკის ფიგლის გვერდით, ჯულიანა მური და მიშელ უილიამსი ასრულებენ.

ფილმი ორი მოზარდის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ერთ-ერთი დაბადებიდან სმენადაქვეითებულია, მეორეს კი სმენა უბედური შემთხვევის შემდეგ აქვს დაკარგული. როგორც წესი, რეჟისორები ნიუ-იორკს ახალი ცხოვრების დაწყებისთვის იდეალურ ადგილად გვიხატავენ, თუმცა ამ შემთხვევაში ოცნების ქალაქი წარსულის ძებნისა და ორი მისტიკური ისტორიის თვითმხილველი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ამბავი სხვადასხვა ეპოქაში ხდება, მათ ბევრი საერთო აქვთ და საბოლოოდ ერთმანეთის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

მილისენტ საიმონდს, რომელიც ამ ფილმის ნამდვილი ვარსკვლავია, რეალურ ცხოვრებაშიც აქვს პრობლემები სმენასთან დაკავშირებით და აქტიურად ცდილობს ჟესტების ენის პოპულარიზაციას. ამისთვის კი ინსტაგრამს აქტიურად იყენებს.

Wonderstruck-ის შემდეგ, მსახიობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა ჯონ კრასინსკის ფილმი A Quiet Place, რომელიც კინოგაქირავებაში წელს ერთ-ერთი ფავორიტი კინოსურათი აღმოჩნდა.

გთავაზობთ On.ge-ს ინტერვიუს ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავთან. რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის წარმატების მაგალითია.

Wonderstruck შენი პირველი მთავარი როლია სრულმეტრაჟიან ფილმში, თანაც ისეთი მსახიობის გვერდით, როგორიც ჯულიანა მურია. რა რეაქცია გქონდა როდესაც ამ როლზე დაგამტკიცეს?

შოკირებული ვიყავი და ვერ ვიჯერებდი. მე და დედა ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვუყურებდით და ვიცინოდით. რა თქმა უნდა რთულია როცა ისეთი მსახიობის გვერდით უნდა ითამაშო როგორიც ჯულიანა მურია, თუმცა მან ყველანაირი კომფორტი შემიქმნა. იდეალური ადამიანი და მსახიობია, მისგან უამრავი რამ ვისწავლე.

ფილმის პერსონაჟს, ისევე როგორც თქვენ ხშირად გიწევთ იმ სტერეოტიპებისა და სტიგმების ქვეშ ცხოვრება, რაც სმენადაქვეითებულ ადამიანებს უკავშირდება. როგორ ახერხებთ ამასთან გამკლავებას?

იმედი მაქვს ხალხმა ისიამოვნა ფილმით. არ ვიცი რამდენად მოეწონათ მათ ჩემი თამაში, თუმცა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რადგან პრობლემები, რომელიც როუზს [საიმონდსის პერსონაჟი] აქვს, ჩემთვის უცხო არ არის. სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი ეს ფილმი, ის გვიყვება იმ ისტორიებს, რომლებიც ეკრანზე არც თუ ისე ხშირად ხვდება და ამ შემთხვევაშიც ხალხს საშუალება მიეცემა უკეთ გაიგოს ჩვენი ისტორიები და გაიაზროს რისი გავლა გვიწევს.

თქვენთვის მთავარი გამოწვევა რა იყო ფილმში?

მთავარი გამოწვევა რაც ფილმში მქონდა გადაღებების ხანგრძლივობა იყო. დღეები უფრო და უფრო იწელებოდა და თითქოს დასასრულიც არ ჩანდა. მიუხედავად ამისა, თითოეული დღე მიყვარდა და ისიც მომწონდა, რომ ახალ გამოწვევებთან მიწევდა შერკინება. ეს რა თქმა უნდა ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პატივი იყო!

ამ ფილმში კარგად ჩანს ის პრობლემები რომელიც სმენის პრობლემების მქონდე ადამიანებს ჰქონდათ წარსულში. ახლა რა სიტუაციაა ამ მხრივ?

ტექნოლოგიებმა ყველაფერი შეცვალა და ჩვენი ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდა. ყრუ ადამიანებს შეუძლიათ მიწერონ და ვიდეოთვალით ესაუბრონ ერთმანეთს, რაც დამეთანხმებით, რომ წლების წინ წარმოუდგენელი იყო.

ფილმში თქვენი პერსონაჟი ერთ მსახიობზეა შეყვარებული, თქვენს შემთხვევაში როგორ არის? გყავთ ფავორიტი მსახიობი, ან უყურებთ თუ არა სერიალებს?

ოჰ, ძალიან ბევრი მსახიობი მიყვარს. მათ შორის არის ჯულიანა მურიც, რომელმაც საკუთარი გენიალურობა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა ფილმში Still Alice. ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ, თუმცა მაქვს ფავორიტი შოუები. ყველაზე მეტად მაინც კითხვა მიყვარს. ამჟამად ვკითხულობ წიგნს, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ჯაშუში ბავშვები არიან მეორე მსოფლიო ომის დროს. ზოგადად ისტორია ძალიან მიყვარს და შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო ამბები მთელი მსოფლიოს შესახებ.

კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა თქვენი შემდეგი ფილმი A Quiet Place. ეს ფილმი რამდენიმე ჟანრის მიქსია, აქ არის როგორც ჰორორი, ასევე ექშენი და ნაწილობრივ საოჯახო დრამაც. ყველაფერი ის, რაც წინა ფილმს არ ჰქონია.

როდესაც პირველად წავიკითხე სცენარი, მივხვდი, რომ ეს იყო უნიკალური ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ემოციები უსიტყვოდ უნდა გადმომეცა, რასაც რეალურად მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ, კასტინგზე მაინც ვნერვიულობდი. მადლობელი ვარ იმ ადამიანების ვინც მეხმარებოდნენ ჩემი კომპლექსების დაძლევაში.

თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო ალბათ ისიც, რომ მთელ ფილმში ძალიან ცოტა დიალოგია, ისიც ძირითადად ჟესტების ენით და პერსონაჟები ერთმანეთს მინიშნებებით ესაუბრებიან.

ის, რომ ჩემი ცხოვრება ზუსტად ასეთია დამეხმარა ამ პერსონაჟის ტყავში კარგად შევმძვრალიყავი. რეალურად ის, რაც ფილმში ხდება ბევრი ოჯახის ისტორიაა, თუმცა რა თქმა უნდა მონსტრების გარეშე. თუ სხვებს კარზე ხმოვანი ზარი აქვთ, ჩვენ ამისთვის განათებას ვიყენებთ, ისევე როგორც ფილმშია - წითელი ფერის ნათურები საფრთხეს მოასწავებს, თეთრი კი იმას, რომ ყველაფერი რიგზეა. რეგანის [მილისენტის პერსონაჟი ფილმში A Quiet Place] განსახიერება, შესაძლოა მარტივი იყო იმიტომ, რომ მესმოდა რასაც გრძნობდა. მას არ სურდა ყოფილიყო ყრუ და ეს მისი ყველაზე დიდი ტკივილია. საბოლოოდ კი ყველაზე დიდი ტკივილი შთაგონების წყაროდ გადაიქცა, გახდა მამაცი, იგრძნო სიძლიერე და შეცვალა ის, რისი შეცვლაც აქამდე შეუძლებელი ეგონა. ამ ფილმმა უკეთეს ადამიანად მაქცია და მსურს ეს სხვა ადამიანების დასახმარებლად გამოვიყენო.

თქვენ დამწყები მსახიობი ხართ, სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის კი წარმატების მაგალითი. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ?

ყველამ იცოდეს ის, რომ არ არსებობს არაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. თუ მოვინდომებთ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა აუცილებლად გამოგვივა.