დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა:

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში".

პრემიერის განცხადებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ტრაგიკული დღეა:

"25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის".