აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა თეთრკანიანი ნაციონალისტების მარშზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ. ამის შესახებ ვირჯინიის გუბერნატორმა, ტერი მაკლიფმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ ამერიკაში ასეთი ძალადობისთვის ადგილი არ არის:

"ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავგმოთ ასეთი სიძულვილი".

აქცია ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებსა და ანტი-რასისტული ორგანიზაციის კონტრ-აქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ბოთლებს ისროდნენ.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, რვა ადამიანია დაშავებული და რამდენიმე დაპატიმრებული. მათივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივ მთავრობას, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსების გამოყენების საშუალებას მისცემს.

ათასობით თეთრკანიანი ულტრა-მემარჯვენე აშშ-ის სამოქალაქო ომის გენერლის, მონობის მომხრე რობერტ ლის ქანდაკების დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. გენერალი ლი კონფედერაციის ძალებს, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს, 1861-1865 წლებში სარდლობდა. როგორც BBC წერს, დემონსტრანტებს ეჭირათ კონფედერაციის დროშები, ეხურათ ჩაფხუტები და იყვნენ ეგრესიულად განწყობილები. The New York Times-ის ცნობით, ზოგიერთი დემონსტრანტი სკანდირებდა: "თქვენ ვერ ჩაგვანაცვლებთ", "ებრაელი ვერ ჩაგვანაცვლებს".

შარლოტსვილის მერმა მაიკ საინერმა დაგმო თეთრი ნაციონალისტების მარში და მას "სიძულვილის აღლუმი" უწოდა.