მრავალეროვანი სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017, დღეს, 12 აგვისტოს დასრულდა. წელს მასში ნატოს ხუთი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობდა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.

პრეზიდენტმა ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა:

"დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა".

პრეზიდენტის თქმით, ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა გაიხსენა რამდენიმე დღის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი მდინარი ბებიაშვილი:

"ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა".

საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლების ღირსეული პარტნიორი 2017 დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.

სწავლება ოფიციალურად 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნა და დღემდე გრძელდებოდა. მასში 2800-ზე მეტი სამხედრო იღებდა მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი ბოქსერი ჩაერთო. წვრთნაში წარმოდგენილი იყო ასევე ამერიკული ტანკები აბრამსები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბრედლი და სტრაიკერი, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

ღირსეული პარტნიორი აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.