ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება არცერთი მეტრი თავის საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას:

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მით უმეტეს აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ როგორი "სტაბილურობა", მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს".

თენგიზ ფხალაძის თქმით, საქართველო გამოიყენებს საერთაშორისო მექანიზმებს, იმისათვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინციდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, დასრულდეს.

გუშინ, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს.