აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელას კრიზისის მოსაგვარებლად, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ჩარევა გამორიცხული არ არის. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ, შტატების პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და გაერო-ში აშშ-ის ელჩთან ნიკი ჰეილისთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

"ჩვენ გვყავს ჯარი მთელ მსოფლიოში, აშშ-დან ძალიან შორს. ვენესუელა არ არის შორს. ხალხი იქ იტანჯება და იღუპება",- განაცხადა ტრამპმა, რომელსაც ვენესუელას თავდაცვის მინისტრი, ვლადიმერ პადრინო გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტის შეთავაზება "სიგიჟეა".

როგორც BBC წერს, მოგვიანებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მადურომ აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა. პასუხად, ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტს სიამოვნებით გაესაუბრება, მას შემდეგ, რაც დემოკრატია აღდგება ქვეყანაში.

ვენესუელაში თითქმის ნახევარი წელია მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ვენესუელას ხელისუფლებამ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანას კრიზისში მართავს, გადაწყვიტა, შექმნას საკანონმდებლო ორგანოს ერთგვარი ალტერნატივა, რომელსაც პარლამენტზე მეტი ძალაუფლება ექნება. "საკონსტიტუციო ასამბლეის“ პირველი არჩევნები ვენესუელაში ძლიერი დაძაბულობის ფონზე ჩატარდა. პოლიციელებთან შეტაკებისას, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

ვენესუელას კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია იხილეთ აქ.