ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს" - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს.

რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატოს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი, მდინარი საბას ძე ბებიაშვილი დაიღუპა.