პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აპლიკაცია Sarahah-ის მომხმარებლებს აფრთხილებს და მის წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას ავრცელებს.

აპარატი მიიჩნევს, რომ სარაჰაჰის წესებსა და პირობებში საყურადღებოა ბოლო ორი პუნქტი:

  1. ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში, ვებსაიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებლები მათი შემქმნელები არიან;
  2. Sarahah არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.

სარაჰაჰი მომხმარებლის პერსონალური მონაცემებიდან აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ.

ინფორმაციის გამჟღავნებაზე, კომპანია აცხადებს, რომ ყოველთვის დაიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს, თუ კანონმდებლობა ამას არ მოსთხოვს:

"ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად".

ვებგვერდი ასევე აცხადებს, რომ მომხმარებლის მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის არ მიჰყიდის, თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა:

"ჩვენ არასოდეს გავყიდით, გავცვლით ან გავამჟღავნებთ ნებისმიერ ინფორმაციას მესამე მხარეებთან ამ ვებსაიტისა და ჩვენს ქსელში ჩართული საიტების გარეთ. ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ბრძანების შემთხვევაში".

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეჭვს გამოთქვამს სარაჰაჰის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ კონფიდენცილურობის პოლიტიკაზე:

"არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება იურიდიულ პირებში და ორგანიზაციებში, ან რა სახის ბრძანებაზე შეიძლება იყოს საუბარი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა".

აპარატი ასევე ეჭვი შეაქვს იმ პუნქტში, რომელშიც სარაჰაჰი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის უფლებას იტოვებს.

აღსანიშნავია, რომ სარაჰაჰი პირობას დებს, რომ არასდროს გააცნობს თქვენს ვინაობას გაგზავნილი მესიჯების ადრესატებს. რაც შეეხება კონფიდენციალური პოლიტიკის ცვლილებებს, მსგავსის უფლებას სხვა სოციალური მედიებიც იტოვებენ, მათ შორს ფეისბუკიც.

"ჩვენ შესაძლოა დრო და დრო განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. მისი გადამოწმების შემდეგ კი, განახლებულ ვერსიას გამოვაქვეყნებთ" - წერია ფეისბუკის Privacy Policy-ში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, სარაჰაჰს უკვე 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. BBC-ის ცნობით, სარაჰაჰი უკვე თვეებია არსებობს და ის არაბულ ქვეყნებში შეიქმნა. სარაჰაჰი არაბულად გულწრფელობას ნიშნავს.