გორის რაიონულმა სასამართლომ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე სამი პოლიციელი ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლომ დღეს, 11 აგვისტოს იმსჯელა.

ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შესახებ სასამართლოს ბრალდების მხარემ - პროკურატურამ მიმართა. თუმცა სასამართლომ ხუთი ათასლარიანი გირაოს ნაცვლად ათასი შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბერს ჩაინიშნა. გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა.

დადევნებისა და ავარიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ზვიად კუპრავამ გაავრცელა, რომელიც ყოფილი პოლიციელია. კუპრავა წერდა, რომ ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას, დაახლოებით გორთან, დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მანქანის გაჩერება მოსთხოვა.

კუპრავას ცნობით, ხახუბია ნასვამი იყო და შეეშინდა მართვის მოწმობის ჩამორთმევის, არ დაემორჩილა პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა.

ზვიად კუპრავა წერდა, თითქოს, ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო:

"ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და ჩახერგეს გორის გვირაბის გასასვლელი. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას."

კუპრავას მტკიცებით, 21 წლის ბექა ხახუბია პოლიციის უკანონო ქმედებას შეეწირა.