საქართველოს პროკურატურამ პოლიციის ეკიპაჟის მიერ დევნისას ავტოავარიაში დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ On.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. ბექა ხახუბია ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაეყენათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დადევნებისა და ავარიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ზვიად კუპრავამ გაავრცელა, რომელიც ყოფილი პოლიციელია. კუპრავა წერდა, რომ ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას, დაახლოებით გორთან, დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მანქანის გაჩერება მოსთხოვა.

კუპრავას ცნობით, ხახუბია ნასვამი იყო და შეეშინდა მართვის მოწმობის ჩამორთმევის, არ დაემორჩილა პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა.

ზვიად კუპრავა წერდა, თითქოს, ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო:

"ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და ჩახერგეს გორის გვირაბის გასასვლელი. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას."

კუპრავას მტკიცებით, 21 წლის ბექა ხახუბია პოლიციის უკანონო ქმედებას შეეწირა.