თემქის მე-4 მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნები ჩამოინგრა. დაშავებულები არ არიან, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ უკვე დიდი ხანია შესაბამის სამსახურს აფრთხილებდნენ, რომ კორპუსი გამაგრებას საჭიროებს, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი, ლუსი პოლოსოვი ამბობს, სახლი დიდი ხანია ავარიულია და ქვები ცვივა. მისი თქმით, აივნის ჩამონგრევამდე ის ერთი წამით ადრე შევიდა სახლში:

"მაგრამ დღეს უკვე ნამეტანი იყო. აივანზე გავიტანე ლეიბი, შემდეგ გამოვიტანე და წამიღო, მერყეობდა უკვე ქვები და საერთოდ გადმოვიწიე, აი წამი იყო, და ჩამოინგრა მთლიანი აივანი".

ემა ალოიანი კი ამბობს, რომ კორპუსის ამხანაგობის თავჯდომარეს შესაბამისი საბუთები მერიაში შეტანილი აქვს, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია:

"პირველი წელი კი არ არის, რამდენი წელია მასეა. ყველას ყავს ბავშვები და ძალინ გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება".

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რეალურად არა აივნები, არამედ აივნის ბლოკის ნარჩენები ჩამოინგრა, რაც ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების მართვისა სამსახურის ბრიგადამ გაასუფთავა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობაში კი განგვიმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აივნებს მოაჯირები არ ჰქონდა, რეალურად მათ აივნის დანიშნულება ჰქონდათ. რაც შეეხება იმას, შევიდა თუ არა ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან გამგეობაში თხოვნა იმის შესახებ, რომ კორპუსი სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებდა, ასე გვიპასუხეს:

" განცხადება იყო შემოსული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შემოტანილი. იგეგმებოდა შემდეგ კვარტალში, ე.ი იქით თვეში შესაბამისი სამუშაოების განხორციელება".